კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვა დეპუტატებს საშემოდგომო სესიაზე მოუწევთ, შესაძლოა, მწვავე დებატების მიზეზი გახდეს.
საჯარო სამსახურში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს.
ცვლილებების თანახმად, მამხილებლებს ინფორმაციის მიწოდება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღარ შეეძლებათ, ვიდრე ამის თაობაზე თავად სამსახურში არსებულ შესაბამის ორგანოს, სახალხო დამცველს ან სამართალდამცავ ორგანოს მიმართავენ.
ამ ცვლილებებს აპროტესტებს მედიის განვითარების ფონდი.
არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მამხილებელთა ინსტიტუტში განსახორციელებელი ცვლილებები მის გაუქმებას შეუწყობს ხელს, რადგან საჯარო მოხელეებს ზეწოლის შესაძლო საფრთხეს უქმნის.
ამ ცვლილებების მოტივად პარლამენტარი, გივი თარგამაძე, კონკრეტულ შემთხვევას მიიჩნევს, როცა პოლიციელმა მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საზღვარი გადაკვეთა.
პოლიციელმა საკუთარი გადაწყვეტილება რუსთავი2-თან საუბრისას, ქვეყანაში დაფარული კრიმინალური ვითარებით ახსნა.
მამხილებლის ინსტიტუტში შესატანი ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონთან ერთად პარლამენტში, ინიციატივის სახით, საჯარო სამსახურის ბიურომ შეიტანა.
ამ მოტივაციას კატეგორიულად უარყოფს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც აცხადებს, რომ ცვლილებები იმისთვის გატარდა, რომ ინსტიტუტი უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი გამხდარიყო.
ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ცვლილებებს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
მამხილებლის ინსტიტუტში არსებით ცვლილებებს ვერ ხედავს სახალხო დამცველი.
ოპოზიცია კი ცვლილებებს მამხილებლებისთვის დამატებით ბარიერად მიიჩნევენ.
ავტორები: სოფო ვარდიაშვილი