"სტუდია მონიტორის" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე ათეულ მილიონად ღირებული "სუპერ პუმას" ტიპის ვერტმფრენები სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას "ავიასერვისს" ექსპლუატაციისთვის 2013 წლის ოქტომბერში გადასცა. პუმების ძვირადღირებულ მომსახურებას კი ბიუჯეტი აფინანსებს.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე მაშინდელი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სამ მიზეზს ასახელებდა თუ რატომ ვერ გამოიყენეს 13 ივნისის დროს "სუპერ პუმები"
პირველი, მინისტრი ამბობდა, რომ "სუპერ პუმები" მწყობრში არ იყო. მეორე, გომელაურის თქმით ვერტმფრენები სათანადოდ არ იყო აღჭურვილი და მესამე, მინისტრი ამბობდა, რომ სტიქიის დროს ვერეს ხეობასთან დაბალი ხილვადობა იყო.
"რუსთავი 2"-მა გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვა ინფრმაცია, როგორი ხილვადობა იყო იმ ღამით სტიქიის ზონაში. "პოსტსკრიპტუმს" პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა საქაერონავიგაციაში, სადაც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მონაცემები მოგვაწოდეს იმ ღამით აეროპორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში კარგი ხილვადობა იყო, ქარი არ იყო ძლიერი და არც უწვიმია.
ავტორი: ლაშა კვესელაძე