12 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
რატომ უთხრა უარი ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" ნიკა გვარამიას მოთხოვნილ კომპენსაციაზე - გენერალური დირექტორი პაატა სალია მიზეზებს განმარტავს

რატომ უთხრა უარი ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" ნიკა გვარამიას მოთხოვნილ კომპენსაციაზე. "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიას დღეს ციხეში ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც პაატა სალია განმარტავს მიზეზებს თუ რატომ ეთქვა გვარამიას უარი მოთხოვნილ კომპენსაციაზე.

"რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა "კურიერის" ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა 2019 წლის 2 მარტის სასამართლო გადაწყვეტილებაზე და ახსნა, რატომ არ აქვთ არანაირი სამართლებლივი ბერკეტი ნიკა გვარამიას და ძმებს ყარამანიშვილებს

"ხელშეკრულებას ორი მხარე ყავს, დამსაქმებელი და დასაქმებული. საყურადღებოა, რომ ამ ხელშეკრულების დედანი არ გვინახავს და არ ვიცით არსებობს თუ არა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" ეს დედანი არ ინახება. 

ხელშეკრულებაში წერია, რომ გიორგი და ლევან ყარამანიშვილების წარმომადგენელი არის ნიკა გვარამია და მეორე მხრივ დამსაქმებელიც არის ნიკა გვარამია. მარტივად რომ ვთქვათ, ნიკა გვარამია ნიკა გვარამიასთან აფორმებს ხელშეკრულებას. 

არც ეს მინდობილობები არის არსად, თუმცა წერილში ამის შესახებ არის საუბარი. არც ის პარტნიორთა კრების ოქმი გვინახავს, სადაც თითქოს ეს საკითხი გადაწყდა ყარამანიშვილების სახელით, რომ ნიკა გვარამიასთან გაფორმებულიყო ეს ხელშეკრულება. 

ხშირად გვსმენია ამ ხელშეკრულების შესახებ, რომ დაკავებული თანამდებობიდან ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლება, რომ გვარამია გაეთავისუფლებინა, რაც აბსურდია. ხალვაშს ამის უფლება ჰქონდა კანონმდებლობით და განახორციელა კიდეც 2019 წლის ივლისში. 

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა გვარამიას იმის უფლება, რომ საკუთარ თავთან დაედო ხელშეკრულება - დიახ, ამის უფლება ჰქონდა თუ ამის ნება იქნებოდა პარტნიორების მხრიდან. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მსგავსი დოკუმენტი არ გვინახავს და არც მის ადვოკატებს წარუდგენიათ ეს დოკუმენტი, ამიტომ არ შეიძლება, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. 

თეორიულად არსებობს იმის ალბათობა, რომ ყარამანიშვილებმა დაადასტურონ ხელშეკრულების არსებობა, თუმცა ეს აქამდე არ მახსენდება, რომ მომხდარიყო. თუნდაც არსებობდეს ეს ყველაფერი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყარამანიშვილებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება, მსგავსი ხელშეკრულება დაედოთ. 

2017 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა წილები, რომელიც თავის დროზე მას იძულებით ჩამოართვეს. თუ პირის მფლობელობიდან მისი საკუთრება გავიდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, შემძენი ვერ გახდება კეთილსინდისიერი შემძენი - ეს თქვა უზენაესმა სასამართლომ. 

ამიტომ, ყარამანიშვილები არ შეიძლება განხილულ იქნან კეთილსინდისიერ შემძენებად, ამიტომ, მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება არ შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ძალის მატარებელი. ამიტომ, მათ მიერ დადებული ხელშეკრულება ვერ გახდება სავალდებულო იმ პირისათვის, ვისაც ეს წილები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაედო," - განმარტავს პაატა სალია. 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იმ მდგომარეობაზეც საუბრობს, რომელიც 2019 წელს კომპანიაში მოსვლის დროს ახალ მენეჯმენტს დახვდა. როგორც პაატა სალია ამბობს, კომპანიაში იყო მძიმე ფინანსური დავალიანება, რომელიც ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.  

"წერილში კიდევ ერთ გარემოებაზეა საუბარი და ამაზე უკვე დაახლოებით 2 წელია ვსაუბრობთ, როდესაც წილები გადაეცა ქიბარ ხალვაშს და როდესაც ჩვენ მოვედით კომპანიაში, დაგვხვდა ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ დღესაც იგივე ტექნიკით მუშაობს "რუსთავი 2", რაც ქიბარ ხალვაშის მიერ იყო ერთ დროს შეძენილი. ძალიან დიდი დავალიანება დაგვხვდა კომპანიაში, ათეული მილიონობით დოლარი, მათ შორის ძალიან დიდი დავალიანება იყო სახელმწიფო ბიუჯეტის, კერძო კრედიტორების და ა.შ. ფაქტიურად, გაკოტრების პირას იყო კომპანია მიყვანილი და ამას ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ხშირად ამბობდა, რომ აქამდე კომპანია მიიყვანა თითქოს ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებულმა ყადაღებმა, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ და ეს არაერთხელ ვუთხარი მეორე მხარესაც, რომ წერილობითი მტკიცებულებები, მედიაში არსებული ინფორმაცია არის, სადაც პირდაპირ ვაცხადებდით, რომ თუ კომპანიას მიმდინარე საქმიანობისთვის სჭირდებოდა გარკვეული თანხები, ჩვენ მზად ვიყავით მიგვემართა სასამართლოსთვის თხოვნით, რომ გარკვეულ ნაწილში შეემსუბუქებინა უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ვთავაზობდით ამას, რომ ეთქვათ, მოეწერათ და განგვეხილა ერთობლივად. ამაზე მაშინ გახსოვთმ იყო დამოკიდებულება, რომ მოსამართლეს მიწა უნდა დაწვოდა ფეხქვეშ, იქ ქიბარ ხალვაში, ჩემი კრიტიკა და მხოლოდ ამას ვიღებდით, სხვას პასუხად არაფერს.

სხვათა შორის, 2015 წელს მივმართავდით სასამართლოს, როდესაც პირველმა ინსტანციამ ჩვენს სასარგებლოდ პირველი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აუცილებელი იყო დროებითი მმართველის შემოყვანა კომპანიაში, იმისათვის, რომ თავიდან აგვერიდებინა რეალურად ის, რაც შემდგომ მოხდა. ამას 2015 წელს ვწერდით, თუმცა მართლა არ წარმოგვედგინა თუ ამდენად მძიმე მდგომარეობა დაგვხვდებოდა 2019 წელს კომპანიაში მოსვლის შემდგომ.

დღესაც გრძელდება ფინანსური და საგადასახადო აუდიტი კომპანიაში, მოგეხსენებათ, რომ არსებობს ბოლო დროინდელი მოვლენები, რაც არის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის ისეთ სურათს, რომ გარკვეულწილად მენეჯმენტი, რომელიც მართავდა ტელეკომპანიას, შესაძლოა მიზანმიმართულად აზიანებდა ამ კომპანიას. აქედან გამომდინარე, ვერანაირი მოთხოვნა ნიკა გვარამიას ვერ ექნება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმართ, რომ არ ვისაუბროთ უკვე შემდგომ ეტაპზე, რაც ჩვენი აქ მოსვლის შემდეგ მოხდა," - აცხადებს პაატა სალია.

 

 

 

 

 

დღის ამბები