20 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
„გვინდა შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას," - თეა წულუკიანი ქალთა ძალადობაზე

იუსტიციის სახლში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ეხება ოჯახში და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე, მათ შორის ძალადობის შესახებ შეტყობინების სისტემის დანერგვაზე.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ შემაკავებელი ორდერი, რომელიც ძალადობის პირველი ნიშნებიდან იწერება, სასამართლოს ნებართვის გარეშე გაიცეს.

„გვინდა რომ პოლიცია გაძლიერდეს კიდევ მეტად და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას. შემოდის ისეთი ცნებები როგორიც არის ადევნება. ზოგს გონია, რომ ადევნების მსხვერპლი შეიძლება იყოს მხოლოდ ქალბატონი. თუმცა ჩვენ ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირიქით, მამაკაციც შეიძლება იყოს მეორე სქესის ადამიანის მხრიდან ადევნების მსხვერპლი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქართული ოცნების წევრის თამარ კორძაიას განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი ხელს შეუწყობს ძალადობის ფორმების აღმოფხვრას.

„ყოფილი პარტნიორების ძალადობა ქალებზე და ეს საკითხები ამ წარმოდგენილი ინციატივით აუცილებლად მოგვარდება. ასევე პრობლემურია, ის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს ესეთი ტიპის ინტენსიურ გადაკიდებაზე ყოფილი პარტნიორების მიმართ, როგორიც არის სატელეფონო შეტყობინება, მუქარის შემცველი წერილები და ა.შ. დღეს შემოთავაზებული ცვლილებები ნამდვილად ხელს შეუწყობს მსგავსი ტიპის ძალადობის ფორმების აღმოფხვრას საქართველოში,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა თამარ კორძაიამ.

 

ავტორი: ანა წერეთელი

 
დღის ამბები