იუსტიციის სახლში შეხვედრას, რომელიც ეხება ოჯახში და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხლა ხორციელდება არის ის, რომ ოჯახში ძალადობის კანონი რეალურად გარდაიქმნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონად. ანუ ის დაიცავს ყველა ქალს,“ - განაცხადა იურისტმა, კავშირ საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელის ანა აბაშიძის თქმით, ეს არის პირველი ეტაპი და მას უნდა მოყვეს სხვა მთელი რიგი ღონისძიებები.
„ეს არის საკანონმდებლო რეგულაციის გაუმჯობესება, მაგრამ ამას თუ არ მოყვა ორდერების ეფექტურობისთვის განსახორციელებელი მთელი რიგი ღონისძიებები, ეს ღონისძიება რასაც ჩვენ დღეს ვესწრებით, აზრს იქნება მოკლებული და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ეტაპით არ დასრულდება,“ - განაცხადა ანა აბაშიძემ.