თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ლარამდე გაიზარდა, თუმცა დედაქალაქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სოციალური პროექტი მთავარ საფინანსო დოკუმენტში ვერ მოხვდა.
ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არ დედაქალაქის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერებს და რა კატეგორიას დაეხმარება ქალაქის მთავრობა.
ასევე მწვავე განხილვის თემა იყო დღეს საკრებულოში 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებულთა დაფინანსება და 5 მილიონი ლარის მიზნობრიობა, რომელიც ახალგაზრდული ოლიმპიადის რეკლამირებაზე დაიხარჯა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის დამატებით 5 მილიონის გამოყოფა გააპროტესტეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თანხა, რომელიც ოლიმპიადის პოპულარიზაციას უნდა მოხმარებოდა, უშედეგოდ დაიხარჯა.
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც დეპუტატების ნაწილმა ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, იმ მოქალაქეებისთვის კომპენსაციაზე უარის თქმა გახდა, რომლებსაც დაუზღვეველი ავტომანქანები 13 ივნისის სტიქიის დროს დაუზიანდათ.
ავტორი: ეკო მაღრაძე