საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 800-ზე მეტი ბავშვის საზაფხულო დასვენების პროგრამაში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, პროექტი, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და ამისთვის იხარჯება ასეულობით ათასი ლარი ბიუჯეტიდან, ტოვებს ამ ბავშვებს და მათ მშობლებს უკმაყოფილოს.
„პროექტში შევიდა მთელი რიგი ისეთი ცვლილებები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია იმ საჭიროებებისთვის, რომელიც ამ ბავშვებისთვის ნორმალურ დასვენებას, რეაბილიტაციას და გაჯანსაღებას სჭირდება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, 250 -ით მეტმა ბავშვმა დაისვენა წელს და პირობებიც გაუმჯობესებულია.
პროგრამის მიხედვით, ბავშვები ყოველწლიურად ურეკსა და ბორჯომში ისვენებდნენ. წელს კი ნაციონალური მოძრაობის წევრების განმარტებით მოზარდთა ნაწილი, რომლებსაც ზღვაზე დასვენება სჭირდება ბორჯომში მოხვდა, ნაწილი კი რომლებიც ბორჯობში გამგზავრებას ელოდნენ, ზღვაზე მიჰყავთ, თუმცა ურეკის ნაცვლად ანაკლიაში, სადაც არ არის მათთვის აუცილებელი მაგნიტური ქვიშა და ადაპტირებული სასტუმრო.