შავი ზღვის IV ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის? ბაქოდან ნიგარ იბრაჰიმოვას გუნდი გახდა. ოქროს მედლები და გამარჯვებულის თასი კი გუნდს სახელად -”სპილო მახჩობელა გველში” ერგოთ. აზერბაიჯანელ მოთამაშეებს მოგების შანსი მსოფლიოს უძლიერესი მოაზროვნე- ალექსანდრე კორობეინიკოვის თანაგუნდელობამ გაუზარდა .
საერთაშორისო დონეზე ორგანიზებულ ჩემპიონატს ქართველი გამარჯვებულებიც ყავს. თამაშში Jepardy ანუ ინდივიდუალური პაექრობა- საპრიზო ადგილი ელიტარული კლუბის მაგისტრმა გიორგი ბაქრაძემ მოიპოვა.
შავი ზღვის მეოთხე ღია თასის ფარგლებში გამართულ ბრეინ-რინგის ტურნირში პირველი ადგილი ერევნის გუნდმა მოიპოვა. თამაშის კიდევ ერთ სახეობაში - ”ხამსა” კი საპრიზო ადგილები გერმანიის, საქართველოს და რუსეთის გუნდებმა გადაინაწილეს.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის და უკრაინის 50 გუნდმა მიიღო.
შემეცნებისა და სპორტული ჟინის დემონსტრირება სხვადასხვა ქვეყნის მოაზროვნეებს საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ მოუწევთ. 2015 წლის 13- 15 ნოემბერს თბილისი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მე-13 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი