უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით დღეს გზებზე შეზღუდვებია. სრულად დაიკეტება „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამოს 6 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე; წერეთლის გამზირის დასაწყისიდან ვახუშტის ქუჩის კვეთამდე; დაიკეტება აღმაშენებლის გამზირის ნაწილიც.
ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის, ასევე აბასთუმნის ქუჩებზე.
მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.
გარდა ამისა უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით დღეს თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს ღამის 03:00 საათის ჩათვლით მოემსახურება.