საჯარიმო წესების შეცვლისკენ თბილისის მერმა სი თი პარკს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ცვლილებებზე უარის თქმის შემთხვევაში კი დავით ნარმანიამ, რომელიც ისარელში ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, ებრაული კომპანიის მიმართ მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.
სი თი პარკის წარმომადგენლებისთვის მერის მხრიდან მუქარა სიახლე არ აღმოჩნდა, თუმცა კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს დედაქალაქის მთავრობას კომპანიის წინააღმდეგ. სი თი პარკსა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში კი კომპანია სამართლებრივ დავას დაიწყებს.
სი თი პარკის მიმართ მერის მოწოდება მძღოლების დაჯარიმების შესახებ, შესაძლოა, ავტომანქანების მფლობელებისთვის დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი ნარმანიას დღევანდელ განცხადებას ბიუჯეტის შევსების მცდელობად აფასებენ.
ავტორი:ეკო მაღრაძე