20 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირების შემდეგ 250 მეტრიანი ნავმისადგომი ჯართში აღმოჩნდა

250 მეტრიანი რკინის კონსტრუქცია გრიგოლეთში ყოფილი თევზის მეურნეობის ნავმისადგომი იყო. ამ დრომდე უცნობმა პირებმა რკინის ნაგებობა ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და რამდენიმე ათეული ტონა რკინა სავარაუდოდ ფერადი ლითონის ჩამბარებელ პუნქტში გაყიდეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განადგურებულ თევზის მეურნეობაში ერთადერთი ეს ნავმისადგომი იყო შემორჩენილი. ადგილობრივების განცხადებით წინასაარჩევნოდ ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ტვირთების გადაზიდვა გრიგოლეთში ისევ დაიწყებოდა და ამ ნავმისადგომს რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა დღეს ლანჩხუთის გამგებელი ამბობს, რომ ტერიტორია ჯერ კიდევ არაკანონიერი გზით წინა ხელისუფლებამ გაასხვისა და დაპირება შეუსრულებელიც სწორედ ამის გამო დარჩა.

გამგებელს სიცრუეში ადანაშაულებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით ნავმისადგომი არასდროს ყოფილა კერძო საკუთრებაში გადაცემული და ის დღემდე სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება, რისი დოკუმენტაციაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქონების მართვის სააგენტოდან უკვე წარმოადგინეს.

გაურკვეველ ვითარებაში გამქრალი ნავმისადგომი, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას ლარს შეადგენს უახლოეს დღეებში სამართალდამცველთა მოკვლევის საკითხი შესაძლოა გახდეს.

ავტორი:გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები