თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ კასპის რაიონში, გრაკლიან გორაზე, არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა.
ამის შესახებ თსუ-მ საგანგებო განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსახსრობის გამო გათხრების დაკონსერვება მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თსუს-ს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ფინანსების არარსებობის გამო ექსპედიციის შეჩერების თაობაზე კომენტარი მას არ გაუკეთებია.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, ექსპედიციის სამივლინებო ხარჯებს და სტუდენტთა საველე პრაქტიკას. 2014-2015 წლებში გამოიყო 31 ათასი ლარი. გარდა ამისა, არქეოლოგიურ ექსპედიციას ფინანსები გამოუყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო კვლევების თანადაფინანსება ასევე ხდებოდა სამეცნიერო ფონდებიდან. ამჟამად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით იგეგმება ტერიტორიის კონსერვაცია და გრაკლიანის გორაზე ღია არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცოტა ხნის წინ გრაკლიანზე ახალი არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს," - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გრაკლიან გორაზე გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ს სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. შედეგად, ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300 000-წლიანი უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია.