ავტომანქანების 5 კილომეტრამდე კოლონა ჭუბერი-ხაიშის გზაზე დღის პირველი საათიდან დადგა, მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალურ მაგისტრალი ქვებით ჩახერგა და მგზავრებს გადაადგილების საშუალებას მთელი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ. 7 საათის განმავლობაში მანქანებში გზის გახსნას ელოდებოდნენ ბავშვები და უცხოელი ტურისტები.
პროტესტის ძირითადი მიზეზი ხე-ტყის მოჭრაზე ნებართვის მიცემა და სოფელ ხაიშში 7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის შეკეთება იყო.
აქციაზე მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა, მოსახლეობის ნაწილი მაჟორიტარ დეპუტატთან და მესტიის გამგებელთან შეხვედრას ითხოვდა.
დღის ბოლოს ადგილზე მოსახლეობას შეხვდა უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია, ის მესტიაში სტუმრებთან ერთად მიემგზავრებოდა, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს გზის გასახსნელად მოლაპარაკება შესთავაზა.
მოსახლეობამ გზის გახსნის გადაწყვეტილება დღის ბოლოს მიიღო, აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლება დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებზე პასუხს 2 დღეში მიიღებენ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.