გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 4 წლის ბავშვის საქმეზე საქართველოს კონსული განმარტებებს აკეთებს. იოსებ ჩხარტიშვილისთვის ბავშვის ადგილსამყოფელი ცნობილია და ამბობს, რომ გერმანული კანონმდებლობით გარდაცვლილი ბავშვის ნახვა ოჯახის წევრებს მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეეძლებათ.
„ბავშვის გარდაცვალებიდან გამომდინარე საქმეში ჩაერთო პოლიცია და დაიწყო გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოკვლევა. პროკურორს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩატარებულიყო თუ არა ექსპერტიზა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ექსპერტიზა დაინიშნა და ის ჩატარდა. მე მქონდა პოლიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ მითხრეს რომ სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება, ბავშვს ჩვენ ვერავის ვაჩვენებთო,“ - ამბობს იოსებ ჩხარტიშვილი.