20 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ბათუმი ალი და ნინოს ძეგლის გარეშე-მონუმენტი დემონტაჟის დროს დაიმტვრა

ალი და ნინოს სკუპლტურა მაშინ დაიმტვრა, როდესაც მის გადატანას ცდილობდნენ. გამოცხადებულ ტენდერში კომპანია არნაბი 21-მა გაიმარჯვა. მას ალი და ნინოს გადატანაში ბათუმის მერიამ 234 ათას 975 ლარი გადაუხადა.

დარღვევებს დემონტაჟის დროს არ გამორიცხავს არც ალი და ნინოს ავტორი. თამარ კვესიტაძეს სკულპტურის გადატანის შესახებ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტელეფონით რამდენიმე თვის წინ შეატყობინა. ავტორმა გადატანის პროცესში გერმანელი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვა, თუმცა მას უთხრეს, რომ 7 ტონიანი რთული კონსტრუქციის მქონე სკულპტურის გადატანას დამოუკიდებლად შეძლებდნენ.

აჭარის ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს, რომ ამ თემაზე თამარ კვესიტაძესთან საუბარი მართლაც ჰქონდა თუმცა თვლის, რომ გერმანულ კომპანიას ალი და ნინოს გადატანაში მონაწილეობის სურვილი თავად უნდა გამოეთქვა.

გადატანის დროს დაშვებული შესაძლო შეცდომების გარდა ბათუმის მერიას და ბულვარის ადმინისტრაციას საკრებულოს ოპოზიცია გადაწყვეტილების კანონდარღვევით მიღებაში ადანაშაულებს. თვითმმართველობის ორგანოში აცხადებენ, რომ სკულპტურის დემონტაჟისა და გადატანის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და გადაწყვეტილება ერმაკოვის სამსახურმა ნებართვისა და განხილვის გარეშე მიიღო.

ბათუმის მერი თვლის, რომ კანონი გადაწყვეტილების მიღების დროს არ დაურღვევია და ამისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებას საკრებულოს ნებართვა არ სჭირდებოდა.

ავტორი: ეკა გაგუა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები