"ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში," - ეს განცხადება ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრა.
"საქართველო გახლავთ მტკიცე და სანდო წვლილის შემტანი ჩვენი უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ჯარები უკვე მრავალი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ იმყოფებიან, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ავღანეთის მისიაში, რომელიც მსხვერპლთან არის დაკავშირებული და, რომელიც მრავალმა ქართველმა მოსამსახურემ და მათმა ოჯახებმა გაიღეს. ჩვენ ამ მსხვერპლს პატივს მივაგებთ და მადლიერებას გამოვხატავთ. ჩვენი თანამშრომლობა უკვე ამდენ წელს ითვლის და საქართველოს შეიარაღებული ძალებს დახმარებას უწევს, აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია. უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ალიანსის წევრებთან, ვიდრე აქამდე.
"დღეს დამატებით ვაღრმავებთ ამ თანამშროლობას. შეფასებისა და წვრთნისა ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, საქართველოს ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და თანამედროვეს გახდის. ნატოს მოკავშირე ქვეყნები თავდაცვის მინისტრების დონეზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თქვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დასახმარებლად. ახლა უფრო მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენმდივანმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
"ყველა ის ვალდებულება, რომელიც ერთად ავიღეთ, დროულია და ჯეროვნად მიიწევს წინ. ყველა აღნიშნული მცდელობა ეხმარება საქართველოს, დაახლოვდეს ნატოს წევრობასთან. საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია, რათა წინ იმოძრაოს წევრობის გზაზე და ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ნამდვილად არ არის მარტივი გზა. მას დრო და რეალური ცვლილებების განხორციელება სჭირდება. საქართველოს ხალხი და მთავრობა აღნიშნული მიმართულების ერთგულია. ჩვენ ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით. ხაზს ვუსვამ იმ პროგრესს, რომელიც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ასევე ავღნიშნავ ამ პროგრესის გაღრმავების საჭიროებას. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფორმების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატოს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოს შეუძლია, ნატოს იმედი ჰქონდეს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.