არასამთავრობო სექტორმა გახარჯული მილიონები ამჯერად თბილისის მერიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს დაუთვალა.
საუბარია სახელფასო დანამატების სახით გაცემულ თანხებზე, რომელსაც ბიუჯეტი ყოველთვიურად იხდის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში სამსახურების საქმიანობა გაურკვეველია, თუმცა მათ ფუნქციონირებაზე მილიონები იხარჯება.
მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი არეშიძის, მიერ შექმნილი ევროპული ახალგაზრდული ცენტრი წელიწადში მხოლოდ ხელფასებისთვის 20 თანამშრომელზე 135 ათას ლარს ხარჯავს.
არასამთავრობო ორგანიზაცის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარი მერიაში არამიზნობრივად იხარჯება, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ სამსახურების საქმიანობა გურკვევლია.
მერიაში შტატების ხელოვნურად გაზრდის შესახებ საუბრობენ საკრებულოს ოპოზიციაშიც.
ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ არამიზნობრივად შექმნილი სამსახურები დავით ნარმანიას მერობის პერიოდს უკავშირდება.
ამის მაგალითად კი დეპუტატი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს ასახელებს, რომლის ხელმძღვანელად ყოფილი ვიცე-მერი, ალექსანდრე მარგიშვილი, რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 5 ათასი ლარია, ცენტრში დასაქმებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ათეული. ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ოფიციალური ინფორმაცია ცენტრის 3 თვიანი საქმიანობის შესახებ ცნობილი არ არის.
ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ალექსანდრე მარგიშვილი. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი ანაზღაურება 5 ათას ლარს სცილდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის ბიუჯეტს ტანვარჯიშის ოლიმპიური მომზადების ცენტრის დაფინანსება 300 ათასი ლარი უჯდება. ცენტრის 46 თანამშრომლიდან 28 ტანვარჯიშის მწვრთნელია.
გასაჯაროებული დოკუმენტების პარალელურად ოპონენტები თბილისის მთავრობას რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც სოციალური დახმარება ასეულობით ოჯახს შეუწყდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე