ზოოპარკში ვოლიერები აღდგენილია, თუმცა მასში გაცილებით ცოტა ცხოველი ბინადრობს, ვიდრე 13 ივნისის სტიქიამდე იყო.
ბეჰემოტი ბეგი, რომელიც 13 ივნისის შემდეგ თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ახალსახლობისთვის ემზადება. აუზი და შესაბამისად ახალი ვოლიერი ბეჰემოტისთვის მზად, სავარაუდოდ, ოქტომბერში იქნება. მანამდე კი ვოლიერსაც და აუზსაც ბეგი სპილოებთან იყოფს.
ვოლიერების გაყოფა სხვა ცხოველებსაც უწევთ. იმის გამო, რომ ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილის აღდგენა ვერ ხერხდება, მარტორქას და ვირებს ერთად ცხოვრება უწევთ. ასევე ერთად არიან მგლები და დათვები.
ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, ამბობს, რომ ცხოველების გადანაწილება უსაფრთხოების წესების დაცვით ხდება. მაგალითად, შედარებით დაბლა განთავსებულ ვოლიერებში ისეთი ცხოველები ბინადრობენ, რომლებიც სტიქიის განმეორების შემთხვევაში თავის გადარჩენას შეძლებენ.
სტიქიას გადარჩენილი და შემდგომ მოკლული თეთრი ლომის ბოკვერის შუმბას შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციას კითხვები ამ დრომდე აქვს.
შუმბას გარდა 13 ივნისის ღამეს და მის მომდევნო დღეებში რამდენიმე ათეული ცხოველი და ფრინველი განადგურდა. ვოლიერები, რომელიც ხეობის პირას ყველაზე დაბალ ზოლში იყო, მთლიანად განადგურებულია. სარემონტო სამუშაოების დაწყებას და ამ ტერიტორიის აღდგენას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ.
ადგილი, სადაც ახალი ზოოპარკი აშენდება, უკვე შერჩეულია. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია 48 ჰექტარი იქნება. სამუშაოები იქ, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება.
ავტორი: ეკა გაგუა