12 მაისი 2024,   05:32
ვრცლად
კიშინიოვში პრორუსული პარტიებისა და ორგანიზაციების კიდევ ერთი აქცია დაშალეს

მოსკოვის სახელით და რუსული ფულით სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა მოლდოვაში. კიშინიოვში პრორუსული პარტიებისა და ორგანიზაციების კიდევ ერთი აქცია დაშალეს. დაკავებულია ათეულობით მომიტინგე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ.

მოლდოვის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ პრორუსული რევოლუციისთვის მოსკოვმა კიშინიოვში საკუთარი მოქალაქეების გარდა, აქციის მონაწილეები-ბელარუსიდან, სერბეთიდან და ჩერნოგორიიდანაც ჩაიყვანა. დემონსტრანტებით სავსე ავტობუსები მოლდოვის პოლიციამ დღესაც გააჩერა. იყო ქვეყანაში დაქირავებული რუსი მებრძოლების ვაგნერელების შემოსვლის მცდელობაც.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ის, რაც მოლდოვის დედაქალაქში ბოლო რამდენიმე კვირაა ხდება, რუსეთთან არაფორმალური ომი უწოდა. პრორუსული პარტია "შორის" მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე სპეციალურად მიყვანილი პირები, პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომასა და ევროკავშირზე უარის თქმას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ღიად თქვან უარი უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში. ოფიციალური კიშინიოვი კი დათმობას არ აპირებს, პრეზიდენტი სანდუ პირობას დებს, რომ რუსეთისგან მართულ ქაოსს მოლდოვაში არ დაუშვებს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით მოლდოველი დედაქალაქის ქუჩებშია გამოსული და ენერგორესურსებზე ფასების შემცირებას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა კანონმდებლებსაც მიმარტეს და მოუწოდეს - ქვეყანა საკუთარი პოლიტიკით უკრაინის კონფლიქტში არ ჩაითრიონ.

დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს თუმცა ამის უფლება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაკავებულია ათობით დემონსტრანტი .ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტს, საპროტესტო აქციების ჩახშობაში ადანაშაულებს.
აქცია პრორუსული პარტია „შორის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც შეერთებულ შტატებს სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი. მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს,რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მოსკოვიდან იმართებიან და მათი მიზანი გადატრიალებაა.

სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელიც მიიჩნევს რომ რუსეთმა მოლდოვას არაოფიციალური ომი გამოუცხადა. მოლდოვის პოლიციაში კი აცხადებენ, რომ მათ რუსი დივერსანტების ჯგუფი დააკავეს, რომელთაც ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად 10 000 დოლარს ჰპირდებოდნენ.

მოლდოვის მთავრობა უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, ქვეყნის საგარეო უწყება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. დღესვე მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა მაია სანდუ შარლ მიშელს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მოლდოვისადმი ურყევია.

 

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები