11 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
დონალდ ტრამპი დაკავების მოლოდინშია - მანჰეტენის სასამართლოსთან და "ტრამპ თაუერთან" პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

მანჰეტენის სასამართლოს შენობასთან დამცავი ბარიკადები აღმართეს და პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. სამართალდამცველები, დონალდ ტრამპის შესაძლო დაკავების გამო, მისი მხარდამჭერების გამოსვლისა და საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია თავად დონალდ ტრამპმა მისსავე შექმნილ სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა.

ტრამპის მოწოდებამ ყველას 6 იანვარი და კაპიტოლიუმზე შტურმი გაახსენა. პროკურატურაში ექსპრეზიდენტის საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ტრამპის განცხადება მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეფუძნება. შესაძლო არეულობის პრევენციისთვის, სამართალდამცავების აქტიური მობილიზებაა "ტრამპ თაუერთანაც".

ტრამპის საქმეს ნიუ-იორკში მანჰეტენის ოლქის პროკურორი იძიებს. სწორედ ეს ფაქტი ქმნის მოლოდინს, რომ შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს, მიმდინარე კვირაში, ბრალს წაუყენებენ. თუ ასე მოხდება, ეს პირველი სისხლის სამართლის საქმე იქნება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა. საუბარია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნო ვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე, გადასახადების დამალვაზე, არჩევნებში ჩარევასა და მის მიერ საიდუმლო დოკუმენტების ფლობაზე.

უცნობია, თუ რა მუხლით შეიძლება წაუყენონ დონალდ ტრამპს ბრალი. თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპის დაკავებაზე, სულ მცირე, საუბრის დაწყებაც კი ექსპრეზიდენტის მიმართ მხარდამჭერების რიცხვს გაზრდის, რამაც, შესაძლოა, მართლაც მასობრივ გამოსვლებს შეუწყოს ხელი. ბრალდებებისა და გამოძიებების მიუხედავად კი, 76 წლის დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრისთვის აქტიურად ემზადება.

დღის ამბები