27 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
"ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ. ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები" - ოპოზიცია ცესკოს ოფიციალური წინასწარი შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს

ოპოზიცია ცესკოს ოფიციალური წინასწარი შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, ცოტა ხნის წინ კონსულტაციებზე პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

"ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას, არა უცხოეთი, არა რომელიმე სხვა, ლეგიტიმაციისა თუ დელეგიტიმაციის საკითხები წყდება ქვეყანაში შიგნით. ქართველი ხალხი თუ განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მის ნებას, ან მეორე ვარიანტია, გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა ამ ქვეყანაში ყოველი მეორე "ქოცია," - თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს დელეგიტიმაცია გამოეცხადება ქვეყნის შიგნით და ხალხის ნება იქნება გამეორებული საერთაშორისო სარბიელზე," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პროცესში პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არარეალურია.

"გეგმებთან დაკავშირებით გვექნება ინტენსიური კონსულტაციები პრეზიდენტთან. პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს მოპარული არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინდელ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და რეალურად ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ მათი გეგმების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს გახდება.

"ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ. ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ დაწერილი შედეგები. ხალხმა გაიმარჯვა ამ არჩევნებში. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია არის მყარი. გავცვალეთ აზრები და ვფიქრობთ, რომ ვთანხმდებით მნიშვნელოვან შეთანხმებებზე. დღეს აუცილებლად უკვე კონკრეტული გზა გვექნება საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი გამარჯვებისთვის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები. მათი პოზიცია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია.

"გვაქვს ურყევი პოზიცია, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, გაყალბებული, მოპარული და რუსული. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებთან შეგუებას არ ვაპირებთ. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები. იყო კონსულტაცია პრეზიდენტთან. პრეზიდენტი თავის სათქმელს თავად იტყვის. ძალიან კონკრეტული მოქმედებები იქნება," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები