ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას, რომ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, ახალი არჩევნები დაინიშნოს, ცესკო-ს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი გამოეხმაურა. იოსელიანი ამბობს, რომ ცესკო-ში სხდომა სასამართლოებში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ დაინიშნება და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური დღის წესრიგით არ იმოქმედებს.
მანვე განმარტა, რომ ბიულეტენების ფორმასთან და ჩარჩო კონვერტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავადვე მონაწილეობდნენ ცესკოს ის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც დღეს ბრიფინგზე ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბრობდნენ და რომელთაც მანამდე ბიულეტენებთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონიათ.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. მიმდინარეობს სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა. ბიულეტენის ფორმის და ასევე, ჩარჩო კონვერტის ფორმის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება არის მიღებული 10 ოქტომბერს. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათივე მონაწილეობით იქნა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული.
განკარგულებით არის დამტკიცებული, რომ სამ სტამბაში, თბილისში, ბიულეტენების და ოქმების ბეჭდვის პროცესს ესწრებოდნენ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, მათ შორის, პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუ ვიცოდით რაზე ვბეჭდავდით, ვესწრებოდით და იმ დადგენილების მიღებაში ვმონაწილეობდით, მაშინ რატომ არის კითხვები? ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმისათვის, რომ ყოფილიყო ხმის მიცემა ფარული, შესაბამისი ჩარჩო-კონვერტის გამოყენება უზრუნველყო პროცესში. პროცესს ესწრებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები - მაშინ მაქვს კითხვა, რატომ არ მოხდა აღნიშნულ საკითხზე იმ დღესვე საუბარი, მაშინვე, იმწამიერად, რომ დაუყოვნებლივ ყოფილიყო რეაგირება, რატომ არავინ არ მოითხოვა ეს?" - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.