07 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
"წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა, გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა" - შალვა პაპუაშვილი

მგონი, ახლა ცოტა უფრო ღიად ისმის კითხვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ღიად გველაპარაკებიან ამ კათედრიდან ევროპული ღირებულებების, თუმცა, ქართველებში უკვე კითხვის ნიშანი რჩება, ჩვენ ერთნაირად გვესმის თუ არა, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცის და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას "ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის" გაუქმებისკენ მოუწოდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველებისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ ფარულად ფულის ხარჯვა, ან ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა ევროპული ღირებულება იყოს. მისი განცხადებით, თუ ეს ასეა, მაშინ პირდაპირ უნდა თქვან ევროპელმა მაღალჩინოსნებმა, რა არის ევროპული ღირებულება.

"წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინო სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს რა თქმა უნდა, არ არის ევროპული ღირებულება, თუკი ამას რომელიმე ევროპელი ასე თვლის, მაშინ ღიად თქვან და არა ასე შეფარულად. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. გვითხრან მაშინ, რომ ეს არის თურმე ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით აქამდე და სხვა რაღაც გვეგონა ევროპა და ევროპული ღირებულება. ჩვენ ქართველები, ვართ დიახაც, ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედი, ჩვენი, ქართული კულტურა არის თანაშემოქმედი ევროპული კულტურისა, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ უპირველეს ყოვლისა, მათ შორის, ქართულ ღირებულებებზე. და გვითხრან, აგვიხსნან, თუკი სხვა ქვეყანაში ფარულად ფულის ხარჯვა არის ევროპული ღირებულებები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის ეს ევროპული ღირებულებები. თუკი სკოლებში და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული ღირებულება, თუკი სკოლებში და ბაღებში იმის პროპაგანდა, რომ არსებობს უთვალავი სქესი - ეს არის ევროპული ღირებულება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ევროპული ღირებულება, ამიტომ გვითხრან ეს პირდაპირ, რა არის ევროპული ღირებულება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები