უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტო ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებაზე - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება თბილისში პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიცია ბუდაპეშტსა და ბრატისლავას აკრიტიკებს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება დაბლოკეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესების მოლოდინი აქვთ.
"ის, რომ უნგრეთი ბლოკავდა გადაწყვეტილებებს ევროკავშირში, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ეს სიახლე არ არის. ისევე როგორც სლოვაკეთის პრემიერიც, რომელიც ამ პროცესს უერთდება. უნგრეთის პრემიერი არის ერთადერთი ლიდერი ევროკავშირში, რომელიც კვლავ ესაუბრება იმ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერს, რომელსაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი," - ამბობს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთი პრორუსული განცხადებებით გამოირჩევიან.
"სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა, რომელიც გამოირჩევიან პრორუსული განცხადებებით და პრორუსული ქმედებებით, ეს არ არის ახალი არავისთვის. იმით თავის დაიმედება, რომ უნგრეთმა და შეიძლება, სლოვაკეთმა დაბლოკა და დანარჩენი 28 სახელმწიფო არ გიჭერს მხარს, ხომ ვერსად ვერ შეხვალ, ცხადია. შეიძლება უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკონ, რომ შენს წინააღმდეგ სასტიკი სანქციები ვერ მიიღოს ევროკავშირმა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში რამენაირად შეხვალ ღირსებით, ასკინკილით თუ ორი ფეხით," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.