18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არ მიიღო

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არ მიიღო. ედიშერ ქარჩავამ განმარტა, რომ მისი განცხადებები ჭყონდიდის მიტროპოლიტთან მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, არავისთან შეთანხმებული არ არის.

„მე ცალსახად ვიძახი, რომ ის განცხადებები, რაც მე გავაკეთე მეუფე პეტრესთან მიმართებაში, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პატრიარქი არის ეპისკოპოსი და ჩემი ხელმძღვანელი, ამიტომ თუ მისი უწმინდესობა მოისურვებს, მე ნებისმიერ დროს მზად ვარ მას შევხვდე და ვესაუბრო,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეკითხვაზე, თუ "რატომ არ მოისურვა პატრიარქმა იურისტთან შეხვედრა," ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ჟურნალისტები არასწორ ინტერპრეტირებას აკეთებენ.

„მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ მისი უწმინდესობა ყველა მიმდინარე მოვლენის საქმის კურსშია. გეუბნებით, რომ ყველა იმ ძირითად გადაცემას, ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც ეხება ქვეყენას, ეკლესიას, ამის შესახებ მან იცის,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

იურისტი ვერ ადასტურებს, უყურა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ, გადაცემა არჩევანში ედიშერ ქარჩავას გამოსვლას.

ილია მეორესთან დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი იმყოფებოდა. მისი განმარტებით, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ედიშერ ქარჩავას ბრალდებების შესახებ არაფერი იცოდა. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილისთვის უცნობია, ცნობილია თუ არა საპატრიარქოში ვინმესთვის იურისტის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული მტკიცებულებების შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრე ცაავას ბრალდებებს უყენებს. 

პატრიარქის დაცვის უფროსის ზურაბ ბუჩუკურის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება, რადგან ჩანაცვლება მომავალშიც მოსალოდნელი იქნება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები