18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
მამუკა ახვლედიანის სკანდალური ინტერვიუ - ზეწოლისათვის გამოყენებული ქობულეთის ტრაგედია

2015 წელს ქობულეთის სასტუმროში მომხდარი ხანძრის მიზეზი, რომელმაც 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოძიებული ამ დრომდე არ არის, თუმცა, ამას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა. სასტუმროს მეპატრონემ, ზაზა ართმელიძემ, რომელიც მომხდარის გამო 5 თვე ციხეში იჯდა, თავი მოიკლა. ართმელიძემ წერილშიც განმარტა, რომ დამნაშავე არ იყო და მას ბავშვების გადარჩენის საშუალება არ მისცეს.

ქობულეთის ტრაგედიების სერიაზე კითხვის ნიშნები ჩნდება - რატომ დააკავეს სასტუმროს მეპატრონე, რატომ მოიკლა მან თავი და ჰქონდა თუ არა ვინმეს სასტუმროს ტერიტორიის მითვისების სურვილი?

საქმესთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს და ახალ სკანდალურ დეტალებს პოსტსკირპტუმთან საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ყვება. ზაზა ართმელიძე მისი ნათესავი იყო და გიორგი ახვლედიანის თქმით, მასზე ზემოქმედების მიზნით, ართმელიძე 2015 წელს მტკიცებულებების გარეშე დააკავეს.

სასტუმროს მეპატრონის დაკავების შემდეგ, ოჯახს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა პირდაპირ განუმარტა, თუ რა სურდა მათგან.

„პირდაპირ გვითხრა, გააჩერეთ ახვლედიანი, ეს იყო მისი ტექსტი, ოჯახის წევრებს პირდაპირ მიანიშნებდა, რომ მათი მეშვეობით მოეხდინათ ჩემზე ზეგავლენა, რომ გავჩერებულიყავი, რათა იმ ოჯახს პრობლემები არ შექმნოდა,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

ამ პერიოდში მამუკა ახვლედიანი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესების გამო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუპირისპირდა.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ ზაზა ართმელიძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამჟამად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძისა და მოსამართლის, ლევან მურუსიძის დავალებით გამოიტანა.

2016 წლის 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენს. ცოტა ხანში ციხიდან ზაზა ართმელიძეც გამოუშვეს.

ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებმა სასტუმროს მეპატრონესთან შეხვედრა ვერ მოასწრეს და ვერც დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ცხედრების ექსგუმაციას და გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვენ.

უცნობია, არსებობს თუ არა ქობულეთის ტურისტულ ზონაში მდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკურის გარდა, კომერციული ინტერესიც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის შემდეგ, ბანკმა ხანძრის ფაქტორი არ გაითვალისწინა და მეპატრონეებს არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა. მფლობელებს ქონება წაართვეს.

ავტორი: ნოდარ მელაძე.

დღის ამბები