აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი და მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, ოჯახისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების საკითხების გასარკვევად პოლიციაში მივიდნენ.
დღესვე მთავარი პროკურატურისთვის საქმის გადაცემის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ოჯახის ადვოკატმა განცხადებით მიმართა.
„წერილობით მივმართეთ უკვე პროკურატურას, რომ საქმე საგამოძიებო ქვემდებარეობით მან გამოიძიოს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ეჭვი აქვს ოჯახს კონკრეტული, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში ჩართულები იყვნენ საჯარო მოხელეები, პოლიციელებზე იყო კონკრეტულად განცხადება გაკეთებული,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ის აღნიშნავს, რომ საქმე ოფიციალური განცხადების გარეშეც პროკურატურისთვის უნდა გადაეცათ.
„ის, რომ დღემდე პოლიცია იძიებს ამ საქმეს, ეს ირიბად ნიშნავს იმას, რომ არ განიხილება ვერსია მასში ან პოლიციელების, ან სხვა თანამდებობის პირების მონაწილეობის, რაც დაუშვებელია,“ - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
საქმის გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.