18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაულის შესახებ ხელისუფლებას ახალი ინფორმაცია არ აქვს

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაულის შესახებ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს ახალი ინფორმაცია არ აქვს. 24 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ის ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის, განმარტებით, ამის შემდეგ საგარეო უწყებამ განაგრძო ფაქტების გადამოწმება.

დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია, ჯერჯერობით არ არსებობს. სოსო ოსორაული, თავდაცვის უწყების განცხადებით, შეიარაღებული ძალებიდან თავისი სურვილით წავიდა კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.

ოსორაულის ვიდეომიმართვა, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა, ელჩის ინფორმაციით, მანამდეა გადაღებული, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი დაღუპვის შესახებ ოჯახს ინფორმაციას მიაწვდიდა.

ინფორმაციის გადამოწმების პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც არის ჩართული.

„პრეზიდენტის დავალებით საგარეო ურთიერთობათა მდივანი ჩართული არის ამ პროცესში, იგი ყოველდღიურად იმყოფება კომუნიკაციაში როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ჩვენს საელჩოსთან, ოღონდ სამხრეთ აფრიკაში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ აქვს საელჩო კონგოში,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.

დღის ამბები