აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლე და ადვოკატი ძველი თბილისის პოლიციაში იმყოფებიან. დღეს უნდა გახადეს ცნობილი, დაენიშნება თუ არა სახელმწიფო დაცვა საქმის ორ მთავარ მოწმეს.
როგორც ცნობილია, ბაქოში აფგან მუხთარლის საქმე სააპელაციო სასამართლომ განიხილა და ჟურნალისტი წინასწარ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა.
„ბაქოში გაიმართა წინასწარი მოსმენა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლო წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ახლა პოლიციაში დაგვიბარეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ საქმეზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელია, რადგან ისინი გადაჭრით საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლო გატაცების საქმეში ქართველ სამართალდამცველებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
„შთაბეჭდილებას გვიჩენს, რომ საერთოდ არ უნდა იქნას გამოძიებული პოლიციელების ან სამართალდაცმველების მონაწილეობა ამ დანაშაულში, არადა ეს არის მთავარი მომენტი, მთავარი კითხვა ამ საქმეში და ფაქტობრივად, გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიმართ კეთდება განცხადება, რომ სრულყოფილად ყველაფერი იქნება გამოძიებული შემჭიდროვებულ ვადებში და მეორე მხრივ შიდა მოხმარებისათვის გაკეთებული განცხადება, რომ არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს და რომ ეს საკითხი არც განიხილება, რომ სამართალდამცველებს არც აქვთ საქმესთან შემხებლობა, ეს არის დამაზიანებელი ამ პროცესისთვის,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.