მოლოდინის მიუხედავად ედიშერ ქარჩავამ ვრცელი განმარტება კურიერის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე, რომელიც მის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვას ეხება, არ გააკეთა.
საპატრიარქოს იურისტმა კურიერის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამ საკითხზე მცირე განმარტება მხოლოდ დღის ბოლოს facebook-ის საკუთარ გვერდზე დადო. პროკურორობიდან წასვლის მიზეზად, ქარჩავა სააკაშვილი-ადეიშვილის პერიოდში, მათთვის მიუღებელ პირთა უკანონო დევნას ასახელებს.
"რაც შემდგომ შემიწყვიტეს ხანდაზმულობის გამო და პირადად მე არ დავეთანხმე და გავასაჩივრე მარეაბილიტირებელი მოტივით... არანაირი სამართლებრივი პრობლება არ გამაჩნია" - წერს ქარჩავა.
კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას ეხება.
საგამოძიებო უწყებამ საპატრიარქოს იურისტის სამსახურეობრივი დაუდევრობის გამო გამოძიება 2005 წელს დაიწყო. სასამართლოს ორმა ინსტანციამ ის უკვე გაამტყუნა.