18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
საია მოუწოდებს პროკურატურას, ვარდების მოედანზე პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს

„აღნიშნული საქმე უნდა აწარმოოს პროკურატურამ,“ - ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, რევაზ აჭარაძე, ვარდების მოედანზე 20 წლის ქალბატონზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. 20 წლის გოგონა პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებს.

რევაზ აჭარაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ უნდა დაიწყოს, რადგან შესაძლოა, რომ სამართალდამცავების ბრალეულობა იკვეთებოდეს.

„აღნიშნული გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ, რადგანაც, შესაძლებელია, რომ პოლიციელების მხრიდან იყოს ჩადენილი დანაშაული და რომ არ იყოს არანაირი მიკერძოების შესაძლებლობა და არაობიექტურობის ნიშანი, უნდა გამოიძიოს პროკურატურამ,“ - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

საია-ს იურისტი აცხადებს, რომ 20 წლის ქალბატონს მრავლობითი დაჟეჟილობები და ასევე, თავის ტვინის შერყევა აქვს. 

სამედიცინო დაწესებულების დატოვებამდე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 20 წლის გოგონა მოინახულეს და მისი საქმის შესწავლა დაიწყეს. 

დღეს შსს-მ ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მიწოდებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეებს შორის ჩხუბი ვარდების მოედანზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გოგონა ნასვამ მდგომარეობაში, სხეულზე მიყენებული დაზიანებებით დახვდათ. წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულმა ქალბატონმა ადვოკატს განუცხადა, რომ სხეულზე დაზიანებები სამართალდამცველებმა მიაყენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები