18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სასამართლო იმ პოლიციელებს დაკითხავს, რომლებიც ელისო კილაძის შვილის დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ

სასამართლოზე იმ პოლიციელებს დაკითხავენ, რომლებიც გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირში ფიგურირებენ და მისი შვილის დაკავების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, საქმის არსებითი განხილვისას მიიღო. დაკითხვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

“ჩემი შვილის დაკავების სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა ორი და სამი პოლიციელი, არამედ მონაწილეობდა გაცილებით ბევრი და მათ შორის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარაშვილი. ჩვენ ეს გარემოება არ გვეცოდინებოდა რომ არა ის მოწმე და ფირი, რომელიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში. სწორედ ამიტომ შეთითხნეს და გააკეთეს ეს საფარველი. იძულებულები გახდნენ, რომ ეღიარებინათ რომ ეს პირები ადგილზე იყვნენ. მოწმე არის სრულიად არაადეკვატური“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღესვე მოსამართლემ უარი თქვა დავით ხარშილაძის გათავისუფლებაზე იმის მიუხედავად, რომ პატიმარს თავდებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი უდგებოდა.

“დღეს სასამართლოზე რაც მოხდა მე იამზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პროკურორმა მესტირიშვილმა ბრძანა, რომ დანაშაულის სიმძიმე იყო ძირითადი ფაქტორი, რომ ამ ადამიანს არ შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება. მოსამართლე გამობრძანდა და ყურადღება გაამახვილა სავარაუდო მაღალი სასჯელის გამო მიმალვის საფრთხეზე. რომელზეც პროკურორს არ გაუმახვილებია ყურადღება,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად, დავით ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით, ქალაქის პროკურატურამ იმ პოლიციელების წინააღმდეგ საქმის წარმოებაა შეწყვიტა, რომლებსაც ჟურნალისტი ელისო კილაძის შვილი ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებდა. მაშინ საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე სახალხო დამცველიც საუბრობდა.

 

დღის ამბები