სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება პარლამენტარებს, ენძელა მაჭავარიანსა და რომან გოცირიძეს, შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის ანგარიშის წარდგენას მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციის კითხვებმა გააღიზიანა, რომლებიც დაინტერესდნენ თუ რატომ იხურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე „რადიო თავისუფლების“ ორი პროქტი.
ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. გრიგოლ გოგელიამ „რადიო თავისუფლების“ პროექტები დაიწუნა და განაცხადა, რომ გადაცემები უახლოეს პერიოდში უკეთესი გადაცემებით ჩანაცვლდება.
ვიდრე პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ანგარიშის მოსმენა დაიწყებოდა, „პირველ არხთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა და ის რეფორმა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, პირველად „მეორე არხზე“ 17 ივლისამდე 42 გადაცემა დაიხურება.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციას დღეს პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ. ოპოზიცია მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დღეს უპასუხოდ დარჩა. სავარაუდოდ 21 ივნისს გამოცხადდება იმ გადაცემების სია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და არხის ბადეს სავარაუდოდ 2018 წლის იანვრიდან დაიკავებს.