18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ის გამონაკლისია, სადაც მართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა ინიციატივას "ქართული ოცნების" ნაწილი აპროტესტებს. ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, რომელიც რამდენიმე გახმაურებულ დაკავებას მოჰყვა, მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგულაციები წარუდგინა.

კანონპროექტის მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომელთა გამოც მმართველი გუნდი იძულებული გახდა საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინა. საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ ამ თემაზე დისკუსიის განახლებით, მმართველი გუნდი გასულ კვირას, რეპერების სკანდალური დაკავების გადაფარვას ცდილობს.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით უნდა შეიცვალოს მცირე და დიდი ოდენობით მარიხუანას დოზები. 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მომხმარებელს, დამამზადებლს ან გამავრცელებელს საპატიმრო სასჯელი აღარ შეეხება და სავარაუდოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი თითქმის ნახევრდება.

დოზები შეიცვლება ნედლი მარიხუანას შემთხვევაშიც. 140 გრამამდე მცირე, 1 კილომდე დიდი, უფრო მეტის შემთხვევაში კი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნივთიერებად ჩაითვლება. დიდი ოდენობით მარიხუანას შენახვა-გავრცელებისთვის სასჯელი 3 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს კი 12-ის ნაცვლად 6 წლამდე პატიმრობა იქნება.

 

დღის ამბები