სამოქალაქო სექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვს. 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასახულია, რომ „დაგეგმილი ცვლილებები, არსებითად აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს, ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.“
ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასხმით არის აღნიშნული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისაგან თავისუფალ ტელევიზიად.
„მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესის ნაწილია. ხელმომწერი ორგანიზაციები იხტოივენ შეჩერდეს კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში და შეიქმნას ფართო სამუშაო ჯგუფი, კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობისათვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო", „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია.