ე.წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომა ბრალდების მოწმეების დაკითხვით განაახლა. ყოფილი პრეზიდენტის პირადი დაცვის ყოფილმა წევრებმა ჩვენება იმ საიდუმლო შესყიდვების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ახორციელებენ.
პროკურორი, ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ აღნიშნული დანახარჯების გასაიდუმლოება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ გაფლანგვის შესახებ ინფრომაცია არ გასაჯაროებულიყო.
ადვოკატი ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმის ჩვენება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იდენტურად განკარგავდა ფინანსებს.
„დღეს დაკითხულმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გახდა ანზორ ჩუბინიძე, ზუსტად იდენტური ხარჯების გაწევას ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 2 მოწმე დაიკითხა. სხდომა 7 ივლისს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.