შოთა პაკელიანის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი რეალურად ხაზს უსვამს იმას, რომ ეფექტური გამოძიება არ ტარდება. მისივე განცხადებით, რეაგირება ასეთ ფაქტებზე ხდება მხოლოდ ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ.
“ამ ინციდენტიდან უახლოესი საათების განმავლობაშიც გავაკეთეთ განცხადება, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელი იყო ეფექტური გამოძიების დაწყება ამ ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამისად, იმ სავარაუდო დამნაშავეების დასჯა, ვისაც წვლილი მიუძღვოდა ამ ძალადობაში. სახალხო დამცველი ამას იმეორებდა რამდენჯერმე. ძალიან სამწუხაროა, რომ რეაგირება ასეთ ფაქტებზე ხდება მხოლოდ ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად არაეფექტურია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება საქართველოში. ანუ, ეს ფაქტი რეალურად ხაზს უსვამს იმას, რომ სამწუხაროდ ეფექტური გამოძიება არ ტარდება,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.