ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას სასამართლომ უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, რომელიც კანიბალიზმის ნიშნებს შეიცავდა, თბილისში 19 ოქტომბერს მოხდა.
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.
ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს, შემდეგ კი ნაგავსაყრელზე დაწვეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი ლუბა ყოჩიაშვილის შვილია.
ბექა შენგელიას ადვოკატის დალი ბიწოშვილის თქმით, სასამართლომ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა.
"109-ე მუხლის მესამე ნაწილში გაამართლა ბექა შენგელია და მეორე ნაწილით უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გარკვეული პერიოდის მერე ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, განაჩენს, რომელსაც რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ყველა ასე ამბობდა ყოველთვის, რომ ბექა შენგელიას მიესაჯებოდა უვადო და საზოგადოების დაკვეთა უფროა შესრულებული, ვიდრე კანონიერი განაჩენი,“ - განაცხადა დალი ბიწოშვილმა.
პროკურორის თქმით კი, ბექა შენგელია გამართლდა მხოლოდ 109-ე მუხლის მესამე ნაწილიში, რომელიც გულისხმობს მსხვერპლის ორგანოს სხვა მიზნით გამოყენებას.
“ბექა შენგელიასთან ვიმუშავეთ 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ეს გახლავთ ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით, განძრახ ჩადენილი მკვლელობა. ხოლო ბექა შენგელიას ამავე მუხლით და ამავე ნაწილებით იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება კითხვას, რომელ ნაწილში გამართლდა, ეს გახლავთ პუნქტი 109-ე მუხლის მესამე ნაწილისა, მსხვერპლის ორგანოს სხვა გზით გამოყენება. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს მუხლი ამ პუნქტით არ არსებობდა,“ - აღნიშნა პროკურორმა.