18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდა ადამიანის მკვლელობისთვის" - ჯარჯი წიკლაური

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო ამ წუთებში, პროკურატურის ოქროს მოწმის, ირაკლი მამალაძის ჩვენებას ისმენს. საქალაქო სასამართლოში, დაკავებული დეკანოზის პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში გრძელდება. შეგახსენებთ, რომ პროცესის დაწყებამდე, საქართველოს საპატრიარქომ, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური კი აცხადებს, რომ დაკითხულმა მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა.

“როდესაც  ბრალდებული ინტერესდებოდა მსხვერპლის ორგანიზმში ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუა რა საწამლავს, ვერცერთმა ვერ ახსნა ეს გარემოებები და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს ადვოკატებმა, რომ თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. დაკითხულმა მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდა ადამიანის მკვლელობისთვის და ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა და არ მისცემოდა მას საშუალება, სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები“ - განაცხადა  წიკლაურმა.

ადვოკატის ეკა ლომიძის თქმით, პროკურატურა ცდილობს ის ინფორმაცია მიიღონ მოწმისგან, რაც მათთვის ხელსაყრელია.

“არის მცდელობა პროკურატურის მხრიდან, რომ მიმანიშნებელი კითხვები დასვან და ის ინფორმაცია მიიღონ მისგან, რაც მათთვის ხელსაყრელია.  დაცვის მხარე ყველა იმ მტკიცებულებიდან თუ ჩვენებიდან გამომდინარე დაუსვამს შეკითხვებს და ეცდება, გამოავლინოს და დაადასტუროს, რომ გიორგი მამალაძე არის სრულიად უდანაშაულო“ - აღნიშნა ეკა ლომიძემ.

დღის ამბები