18 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
შსს-მ დავით როსტომაშვილის საქმეზე "კურიერის" მიერ გავრცელებულ კადრებზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დავით როსტომაშვილის საქმეზე, "კურიერის" მიერ სპორტული დარბაზის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. სამართალდამცავებმა სპორტული კლუბიდან ის კადრები ამოიღეს, რომელიც ადასტურებს, რომ როსტომაშვილის საქმეზე დაკავებული ქუთელია, თავდასხმამდე 20 წუთით ადრე სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა. 

სპორტული კლუბის თანამშრომლებმა სამართალდამცავებს დაუდასტურეს, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ზურაბ ქუთელია ნამდვილად იმყოფებოდა თავდასხმამდე მათ კლუბში.

შსს-მ "კურიერი" არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ ქუთელია ამ სპორტულ კლუბში საერთოდ არ იმყოფებოდა. განცხადების გავრცელების შემდეგ კი შსს-ს საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. კლუბის თანამშრომლების დაკითხვის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტები სპორტულ კლუბში კადრების ამოსაღებად მივიდნენ.

გამომძიებლები „კურიერის“ კითხვებს თავს არიდებენ და არ პასუხობენ, თუ რატომ არ დაინტერესდა საგამოძიებო უწყება ამ კადრებით. 

ზურაბ ქუთელიას ინტერესების დამცველი, ალექსანდრე კობაიძე, ამ კადრების ამოღებას კვირაზე მეტია ითხოვს, თუმცა სამინისტრო კადრებით მხოლოდ დღეს დაინტერესდა.

ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, დარწმუნებულია, რომ შსს-ს მხრიდან ამ კადრების ამოღება მიზანმიმართულად არ ხდებოდა.

 

დღის ამბები