სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში უჩა ნანუაშვილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს შეისწავლის.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხები.
„გამოწვევა კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, ამიტომაც, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას ჩვენ კიდევ ერთხელ ვაყენებთ... შინაგან საქმეთა სამინისტროში არასათანადო მოპყრობა კვლავ რჩება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, გიორგი ბურჯანაძე, წამების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დროულად შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.