18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ე.წ. "ციანიდის საქმის" დახურული განხილვა დასრულდა - პროცესზე სულ 7 მოწმე დაკითხეს

ე.წ. "ციანიდის საქმის" დახურული განხილვა დასრულდა. პროცესზე სულ 7 მოწმე დაკითხეს. მათ შორის ბიზნესმენი, რომელთანაც ბრალდების მხარის განცხადებით მამალაძე გერმანიაში გამგზავრებამდე მივიდა და 7000 ევრო სთხოვა, რომელიც მისი თქმით პატრიარქის მკურნალობისთვის სჭირდებოდა.

„იყო ბიზნესმენი, რომლის სახლშიც უსასყიდლოდ ცხოვრობდა ბრალდებული გიორგი მამალაძე, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი სამკურნალოდ წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული გიორგი მამალაძე დაუკავშირდა მას და 7000 ევრო თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა და წაეღო გერმანიაში. რეალურად კი სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 7000 ევრო ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ჩვენებები ასევე მისცეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, პროცესი პროკურატურამ იმის გამო დახურა, რათა, მისი თქმით, საზოგადოებას ციანიდის ჩადების მონაწილეთა ჩვენებები და მათ მიმართ ადვოკატების მწვავე შეკითხვები არ მოესმინა. ადვოკატების განცხადებით, ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ციანიდი მამაოს ჩაუდეს.

„სადაც ბრალდებულს ისე იტაცებენ, რომ წარმოდგენა არა აქვს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, დაკავება ხდება თუ არ ხდება პირის და შესაბამისად, როდესაც ვითხოვდით ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში სათვალთვალოს კამერების ჩანაწერებს და დღემდე საქმეზე არ დაურთვიათ და პირველმა ინსტანციამ, აეროპორტმაც და აპელაციამაც ჩვენს მოთხოვნაზე უარი გვითხრა, ეს არის პირდაპირი მითითება, რომ ეს არის ჩადებული,“ - განაცხადა მამა გიორგის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები