ჩამსხვრეული მინები, დაზიანებული კარი და გარეგანათება - სასულიერო პირებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ასეთ ვითარებაში დახვდათ. ტაძრის წინამძღოლი ყვება, რომ ბოლო პერიოდში ეს ეკლესიის დაზიანების უკვე მესამე შემთხვევაა, თუმცა ფაქტებს ამ დრომდე არ ახმაურებდა. სასულიერო პირი ეჭვობს, რომ სალოცავის ხელყოფა კონკრეტული პირების ინტერესებში შედის და მიზანმიმართულად ხდება. მარნეულში მდებარე ეკლესიას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა.
ეკლესიის დარბევიდან, მალევე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს ვანდალური და ბარბაროსული აქტი უწოდეს. ეპარქიაში პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებებით კონკრეტულ ძალებს მარნეულის რაიონში, იქ სადაც მრავალეთნიკური დასახლებაა, რელიგიური შუღლის გაღვივება უნდათ.
მარნეულის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 259-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას ან განზრახ განადგურებას გულისხმობს. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.