მატარებლის ბილეთზე ფასი პირველი ივლისიდან მოიმატებს. საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ მგზავრობის ფასის მატება სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება. პრესსამსახურის უფროსის თქმით, 1 ივლისიდან მომატებული ფასებით, მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთები გაიყიდება. დაჩი ცაგურია ამბობს იმასაც, რომ გაზრდილი ფასი არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ 1 ივლისიდან მუდმივად იმოქმედებს.
ცაგურიასგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზზე. ოპერატორები მგზავრებს 1 ივლისიდან ეკონომ კლასის ბილეთების ფასის მატებასაც აცნობებენ და განმარტავენ, რომ ცვლილება მხოლოდ სეზონურია.
საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2013 წლის გადაწყვეტილებით, სამგზავრო ბილეთებზე სეზონური ფასების ცვლილება ამოქმედდა. უკვე ხუთი წელია, ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფასი მატულობს, თუმცა ამჯერად ფასი ოთხივე სეზონზე უცვლელი დარჩება.