ამ წუთებში ვენეციის კომისიის პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც პარლამენტის მხრიდან ორი მოსმენით არის მიღებული, რამდენიმე ხარვეზი აქვს, თუმცა მათივე თქმით, საკვანძო პრობლემა საარჩევნო სისტემაა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლის ნაცვლად, 2020 წლიდან უნდა გადავიდეს.
არასამთავრობოები გამოსავლის სახით, ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების უკან გაწვევას და ხელახალ განხილვას სთავაზობენ.
სამოქალაქო სექტორი, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
„როდესაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უწევს ასეთი სიმწვავის განცხადებების გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ეს ურტყამს სამწუხაროდ, ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფოს და მის რეპუტაციას. იმიტომ, რომ სრულიად მიუღებელია ამუშაო ვენეციის კომისია დაჩქარებულ ვადებში, ერთი თვის ვადაში დააწერინო დასკვნა, ისინი მართლა ძალიან ჩართულები იყვნენ და რამდენჯერმე ჩამოვიდნენ და შემდეგ პრაქტიკულად აიღო ყველა დაპირებაზე, ყველა პროცესზე, ხაზი გადაუსვა მათ რეკომენდაციებს და ასე მიაყენო შეურაცხყოფა ამ ინსტიტუციას,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.