18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
"დემოკრატიული პროცესების გადავადება მოხდება 7 წლით" - სამოქალაქო სექტორი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა 

შეთავზება პოლიტიკურ პარტიებს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივით გამოდიან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოდერატორის როლი იკისრონ და კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციებში ჩაერთონ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ჯანი ბუკიკიო მიიჩნევენ, რომ ახალი კონსტიტუციის მთავარი ნაკლი მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნებაა.

„რა თქმა უნდა, არის პრობლემატური ის, რომ საარჩევნო სისტემის გადავადება მოხდება 7 წლით. ფაქტობრივად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გადავადება მოხდება 7 წლით. გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს ეს საკითხი ვინმეს ამ ქვეყანაში. ჩვენი როლი ცხადია, მოდერაციაში შეიძლება გამოიხატოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიღწეულ იქნას კონსენსუსი და ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ის აქტორები, რომლებსაც არ გაგვაჩნია პოლიტიკური დღის წესრიგი და შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა შეიქმნას,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ საარჩევნო სისტემის ნაწილში მეორე მოსმენით დაბრუნდეს პარლამენტში და შედგეს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება კონსენსუსი მიღწეული, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 „ცხადია, აქ საკვანძო საკითხი არის საარჩევნო სისტემა, რომლის ცვლილების, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება, პრაქტიკულად ნიშნავს არა მხოლოდ ამ საკითხის, არამედ ზოგადად დემოკრატიული პროცესის გადავადებას ქვეყანაში, მომდევნო 7 წლით. ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია, როდესაც ის საუბრობდა კონსენსუსზე, ბატონმა ბუკიკიომ ახსენა, რომ მას აქვს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ჯერ კიდევ გარკვეული რესურსი, რომ კონსესუსი მოიძებნოს,“ - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები