საქართველოს მთავრობამ 200 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს და მისი გარემოცვის წევრებს გადასცა.
აბაშიზ მოსახლეობა ვიცეპრემიერ კახი კალაძეს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილსა და ყოფილ პრემიერთან დაახლოებულ შმაგი კობახიძეს მათი საძოვრების მითვისებაში ადანაშაულებს.
იმის გამო, რომ საქონელს აბაშელები ვეღარსად აძოვებენ, იძულებულები არიან, გაყიდონ ან დაკლან და შემოსავლის ერთადერთი წყარო თავადვე მოისპონ.
დოკუმენტებით მტკიცდება, რომ 200 ჰექტარი მიწა, რომელსაც აბაშელები წლების განმავლობაში საძოვრებად იყენებდნენ, 2014 წლის 31 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებით, ერთ ლარად შპს „საქართველოს მიწის კორპორაციას“ გადაეცა. 2014 წელს მთავრობის სხდომაზე საკითხი ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გაიტანა და მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დაამტკიცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თორნიკე ბიკაშვილი, ყვება, რომ მთავრობამ ივანიშვილის გარემოცვისთვის მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის გადასაცემად ჩახლართული სქემა შექმნა. ამ სქემის გაშიფვრის დროს, ოპოზიციამ საბუთებში სწორედ ის გვარები აღმოაჩინა, რომლებზეც აბაშელები საუბრობენ.
უჩა მამაცაშვილი მედიის წინ არ ჩნდება. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს, მან „კურიერი“ ჯერ პრესსამსახურთან გადაამისამართა, შემდეგ კი ინტერვიუზე უარი განაცხადა.
ბაჩიაშვილი ინტერვიუზე უარს ამბობს და არ პასუხობს კითხვაზე, რა დამსახურებისთვის მიიღეს მან და უჩა მამაცაშვილმა 200 ჰექტარი ტერიტორია ერთ ლარად. რა ღირს რეალურად ეს მიწა, „კურიერმა“ ეს კითხვა ადგილობრივი საბროკერო კომპანიის თანამშრომლებს დაუსვა.
მათი ინფორმაციით, 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი ამ ტერიტორიაზე 5-დან 7 ლარამდე მერყეობს. მათი დაანგარიშების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერებით, ყოფილი პრემიერის გარემოცვას, სახელმწიფოს კუთვნილი 10 მილიონად ღირებული ტერიტორია ერთ ლარად გადასცეს.