პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა კვირკვია, მოქმედ მთავარ პროკურორს შურისძიებაში ადანაშაულებს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი 2014 წლის 26 დეკემბერს მომხდარს ინციდენტს იხსენებს. ლაშა კვირკვაია აცხადებს, რომ მის თანამშრომელს სასტიკად სცემეს, ბრალდებულები კი ვერ დააკავა, რადგან ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მეგობარი იყო.
კვირკვაიას მტკიცებით, ამ ინციდენტიდან მალევე მასთან პროკურორებმა დარეკეს და მოსთხოვეს, პოლიციელების ცემაში ბრალდებულები არ დაეკავებინა. კვირკვაია „კურიერს“ უყვება, რომ ნაცემი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგზავნა, რომ საქმეს სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინება დართვოდა. ყველასთან შეუთანხმებლად, პოლიციის ცემისთვის 2 პიროვნება ადმინისტრაციული წესით დააკავა, რასაც განყოფილებაში მყოფი პროკურორების გაღიზიანება მოყვა.
„კურიერმა“ ის დოკუმენტაცია მოიპოვა, რითიც დგინდება, რომ 2014 წლის 26 დეკემბერს პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი ნამდვილად მოხდა.
მთავარი პროკურორი პოლიციის ცემისთვის ადმინისტრაციულად გასამართლებულ პირთან მეგობრობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ლაშა კვირკვაია ცრუობს, რადგან მის მიმართ ადვოკატის ცემისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომლის ცემასაც პოლიციის ყოფილ უფროსს ედავებიან, დარწმუნებულია, რომ სასამართლოში საქმეს მოიგებს. გიორგი მდინარაძემ კვირკვია ცემასა და ძალადობაში მომხდარის ღამესვე დაადანაშაულა.
ადვოკატის სადავო ცემის საქმის არსებითი განხილვა ორშაბათს გაგრძელდება. საქმეზე 20-მდე მოწმე დაიკითხა, აქედან 15 პოლიციელია.