ე.წ. ელიავას ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. ტერიტორიაზე ელოდებიან ექსპერტებსაც, რის შემდეგაც ტერიტორიის დასუფთავება დაიწყება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლები.
ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს, რათა არ მოხდეს დამწვარ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა.
ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე მოხდა მათი დაკითხვა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ბაზრის ხელმძღვანელობა ვერ საუბრობს, რას შეიძლებოდა, გამოეწვია ცეცხლის გაჩენა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობა, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა, დაზღვეული იყო. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ზარალის ანაზღაურების საკითხიც.
შემთხვევის ადგილზე მისვლას და დაზარალებულებთან შეხვედრას გეგმავს დიდუბის გამგებელიც. ირმა ზავრადაშვილი დამწვარ შენობებს მოინახულებს.
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა. ბოლო ცეცხლის კერის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა სამი საათითვის მოახერხეს. დამწვარია სამსართულიანი შენობა, 2500-ს კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია, სადაც, ძირითადად, ავტონაწილები, საბურავები და საღებავები ინახებოდა. ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა ტოქსიკური მასალების დაწვის გამო, გართულდა. 30-მდე სახანძრო ბრიგადა ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.