ელიავას ბაზრობის გადატანის თაობაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის გენერალური გეგმის ავტორებმა ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის განაშენიანება გადაწყვიტეს. თავად ბაზრობა კი ისანში, 2 ლოკაციაზე უნდა გადასულიყო.
გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი მერიას ჯერ ოფიციალურად არ დაუმტკიცებიათ.
„ჩვენ წინადადებას ვთავაზობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ქალაქის განვითარებისთვის ეს არის კარგი და მისაღები, თუმცა, აქვე ვამბობთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდეს ისნის მეტროსთან და სანზონის ტერიტორიაზე და არა თბილისის ზღვაზე ან ქალაქგარეთ,“ - განაცხადა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ავტორმა, მამუკა სალუქვაძემ.
ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ბაზრობის მესაკუთრეები ეწინააღმდეგებიან. როგორც ცნობილია, ბაზრობა 42 ათას კვადრატულ მეტრზეა გადანაწილებული და თითოეულ ნაკვეთს ცალკეული მესაკუთრე ჰყავს.
მესაკუთრეებისთვის ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გადაქცევა მიუღებელია, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, თბილისი მთავრობამ ბიუჯეტიდან უდნა დახარჯოს შესაბამისი თანხა. თავად მესაკუთრეები კი დედაქალაქის მთავრობას ამ ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარკვეულ ნაწილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას საკუთარი სახსრებით სთავაზობენ.
ელიავას ბაზრობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, თემურ ანდრიაძე აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით, მერიას დიდი რაოდენობით თანხის „ჰიპოტეთურ“ ბაღში დახარჯვა მოუწევს და უმჯობესია მთავრობაში მეწილეების შეთავაზებას მოუსმინონ.
„ხედვა, რომელიც ეხება ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხს, აბსოლუტურად არასწორია და არ ვეთანხმები იმიტომ, რომ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულია უამრავი, 15 ათასამდე დასაქმებული თანამშრომელი და მილიონობით ლარი შედის ბიუჯეტში,“ - განაცხადა გია ანდრიაძემ.